Monday, April 29, 2013

მასტერ კლასები 2013

 

 
სამოქალაქო განათლების ამერიკელი ექსპერტები ჯინ ბერტიომი და ქეთრინ ქედველი „სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამას“ წელსაც ეწვივნენ და პროგრამის მონაწილე პედაგოგებისთვის მასტერკლასი ჩაატარეს. 23–24 აპრილს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში CTC გამართული ვორქშოპი „პროფესიული გაზიარების ჯგუფები“ პედაგოგებს ერთმანეთისთვის პროფესიული ცოდნის გაზიარების გზებსა და საშუალებებს სთავაზობდა: როგორ დავეხმაროთ კოლეგებს მათ წინაშე არსებული პროფესიული დილემის გადაწყვეტაში, როგორ ვიპოვოთ ერთმანეთის დახმარებით დილემიდან სწორი და ეფექტური გამოსავალი და როგორ ავიმაღლოთ პროფესიონალიზმი. ამ საკითხებთან დაკავშირებით სემინარზე თეორიული მსჯელობის პარალელურად რამდენიმე პრაქტიკული სამუშაოც ჩატარდა, რომელმაც ნათლად დაანახა მასტერკლასის მონაწილეებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთისადმი კოლეგიალური და ობიექტური დამოკიდებულება როგორც პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის, ისე საერთო წარმატებისთვის. ვორქშოპი ვიდეოგაკვეთილის სახითაც ჩაიწერა, რომლის ნახვის და გაზიარების შესაძლებლობა პროგრამის მონაწილე ყველა პედაგოგს ექნება.
25–26 აპრილის სემინარზე, თემით – „სათემო აქტივობით სწავლა/სწავლების მეთოდები“ – ჯინმა და ქეთრინმა (ისინი ჰარვუდის გაერთიანების საშუალო სკოლაში საზოგადოებრივ მეცნიერებებს ასწავლიან), საკუთარ მრავალწლიან პედაგოგიურ გამოცდილებაზე დაყრდნობილი ცოდნა, პრაქტიკული სწავლების მეთოდები და სხვადასხვა სავარჯიშოები, თამაშები გაუზიარეს პედაგოგებს. მათი განხილვისას პედაგოგებმა საკუთარი პრაქტიკიდანაც მოიტანეს კონკრეტული მაგალითები და კოლეგებთან და ექსპერტებთან ერთად განიხილეს ისინი. წამოჭრილ საკითხებზე მსჯელობა პირდაპირი, ირიბი და ადვოკატირების გზით პრობლემის მოგვარების ფორმებზე წარიმართა, რაც სემინარის ერთ–ერთი ძირითადი საკითხი იყო.
აგრეთვე გაიმართა სამოდელო გაკვეთილი, რომელშიც ი. ვეკუას სახელობის ფიზიკა–მათემატიკის 42–ე საჯარო სკოლის მე–9 –10 კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გაკვეთილის თემად ალეგორიული სამყაროდან (სიბნელიდან) რეალურ სამყაროში (სინათლეში) გადასვლის ამბავი იყო მოთხრობილი (დადგმული), რომელიც შემდეგ მოსწავლეებმა და ამერიკელმა ექსპერტებმა ერთად განიხილეს. ვორქშოპის მონაწილე პედაგოგები ამ ყველაფერს ჯერ თვალ–ყურს ადევნებდნენ, შემდეგ კი მსჯელობაში ჩაერთვნენ. დისკუსიის მონაწილენი ჰიპოთეზური გაკვეთილიდან მიღებულ მოსაზრებებსა და დასკვნებზე ჩამოყალიბდნენ.
ჯინ ბერტიომი და ქეთრინ ქედველი მასტერკლასზე „სათემო აქტივობით სწავლა/სწავლებაში“ უკუკავშირის პროტოკოლის და პროექტთან კავშირში მყოფი სათემო პარტნიორების ძიების საკითხსაც შეეხნენ და დასასრულს ვორქშოპის მონაწილე პედაგოგებთან ერთად ორდღიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს.
 
აღნისნულს ესწრებოდა ჩვენი კლუბის მეურვე ირინა მელქაძე-გელაშვილი, სადანაც ძალზედ კმაყოფილი დაბრუნდა  :)
 

No comments:

Post a Comment